11.12.2013
11.09.2013
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
ლეილა ნოდია სუჯუნა, გამომცემლობა "უნივერსალი" 2010 წელი.
აბაშა ენციკლოპედია, გამომცემლობა "მერიდიანი" 2010 წელი.
აბაშა და აბაშელები
ვიკიპედია დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა, სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორია,ამომცემლობა შპს"სიტყა" 2009 წელი.
აბაშის ღირსშესანიშნაობანი



რიონისპირა მასივზე ნაესაკოვოს თემის მახლობლად, არის ორი მნიშვნელოვანი ადგილი–შუა ქალაქი და ტყვირი.



სუჯუნა და ებრაელები

პირველად მათ სოფელ სუჯუნაში სინაგოგა და ქართულ-ებრაული საფლავი მოინახულეს. აქ მათ გულთბილი შეხვედრა მოუწყვეს სოფლის რწმუნებულმა, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა და პედაგოგებმა. შემდეგ ებრაელთა ტურისტული ჯგუფი აბაშის კულტურის სახლში სპეციალურად მათთვის გამართულ კონცერტს დაესწრნენ.
საღამო გამგებლის მოადგილემ, გიორგი სიმონიამ გახსნა, სტუმრებს მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა და სცენაზე ლეილა ნოდია მიიწვია.
ლეილა ნოდია: "დღეს მართლაც დიდი დღე., ეს სიყვარული, რაც ჩვენს ორ ერს შორის სუფევს, არც დღეს და არც გუშინ არ დაწყებულა, 26 საუკუნეა, ეს სიყვარული გრძელდება და ჩვენ ვალდებული ვართ მოვუფრთხილდეთ, გავაძლიეროთ და თაობებს გადავცეთ".
სოლო სეფიაშვილმა, რომლისთვისაც ეს გარემო უცხო არ იყო, პირველმა მიმართა დარბაზში შეკრებილ საზოგადოებას.
სოლო სეფიაშვილი: "მე თქვენთვის არ ვარ უცხო და როგორც ძმა, ახლობელი, ორიოდ სიტყვას გეტყვით: ალბათ, სწორედ ასეთი წუთებისთვის ღირს ცხოვრება. ჩვენი ცხოვრება ისრაელის მიწაზე საკმაოდ ძნელად წარიმართა, რადგან საქართველოდან წასული კაცი არ შეიძლება ბედნიერი იყოს სადმე, თუნდაც, თავის ისტორიულ სამშობლოში. თუ სხვა ქვეყნებიდან ისრაელში ჩასულმა ადამიანებმა ჰპოვეს იქ სიმშვიდე და ბედნიერება ისე, რომ საერთოდ არც ახსენდებათ და ენატრებათ ის ქვეყანა, საიდანაც წამოვიდნენ, ჩვენ, ქართველი ებრაელები, ამ მხრივ გამონაკლისები ვართ _ ჩვენ ერთი დღეც არ გვიცხოვრია საქართველოს გარეშე ისრაელის მიწაზე. ამიტომაც ჩვენს თავს სტუმრად არ ვთვლით და ჩამოვედით ჩვენს მეორე სამშობლოში. არ შეიძლება ადამიანმა წარსულის გარეშე იცხოვროს, რადგან აწმყოც და მომავალიც სწორედ წარსულზეა დაშენებული, ჩვენი წარსული კი საქართველოა, ეს მიწაა, თქვენ ხართ და ამიტომაც გეფერებით და კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, როგორ ძალიან გვიყვარხართ, ქართველებო! მინდა წარმოგიდგინოთ ქალბატონი თინა შიმშილაშვილი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, იგი ცხოვრობს ისრაელის ჩრდილოეთ ქალაქ ნაჰარიაში და მას უწოდებენ ნაჰარიის დედას _ ამ ქალბატონმა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება მიუძღვნა ისრაელ ჯარისკაცებზე ზრუნვას და შეჭირვებული ადამიანების დახმარებას. ეს სწორედ ის ქალბატონია, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ ისრაელში გადაყვანილ 26 მეომარს უვლიდა და არაფერს აკლებდა."
თინა შიმშიაშვილი: "ჩემო ქართველო ხალხო, თქვენ გენაცვალეთ. თქვენი კალთის ქვეშ დავიბადე, თქვენი კალთის ქვეშ აღვიზარდე, მიყვარხართ! ორი დედა მომცა ღმერთმა და ორი ერი დასაცავად _ ქართველი და ებრაელი. დიდია ჩემი ემოცია _ რაც საქართველო დავტოვე, იმის მერე ვლოცულობ საქართველოზე. მინდა მშვიდობა იყოს ისრაელში, საქართველოში და მთელს მსოფლიოში."
კონცერტში მონაწილეობდნენ ანსამბლი "ჰარირა" და აბაშის ქორეოგრაფიული ჯგუფები.
ზვიად გამსახურდია ჩვენი პირველი პრეზიდენტი
სიმონ ჩიქოვანი

ბავშვობის წლები მან ძირითადად მეზობელ სოფელ ტყვირში გაატარა, ბებიასთან, რომელიც კარგად იცნობდა ქართულ მწერლობას და გატაცებით ესაუბრებოდა შვილიშვილს მის შესახებ. თავის პოეტურ გატაცებას სიმონ ჩიქოვანი უპირველეს ყოვლისა უახლოეს წინაპართა ლიტერატურულ ინტერესებს უკავშირებდა "ჩემი გვარეულობა, – წერდა ერთგან იგი, – ცნობილი იყო ოჯახური პოეტებით – ბევრი ჩემი წინაპართაგანი ლექსად აწარმოებდა მიწერ-მოწერას და მე ვფიქრობ რომ პოეზიისადმი მიდრეკილება ჩამესახა ბავშვობაში, საკუთარ ოჯახში”.
1914 წელს სიმონი ქუთაისის რეალურ სასწავლებელში შედის. ხელმოკლეობის გამო, ზაფხულობით სოფელში ამუშავებდა მიწას და ასწავლიდა მეზობლის ბავშვებს. ასე აგროვებდა ფულს სწავლის გასაგრძელებლად. 1917 წელს სიმონ ჩიქოვანს მამა გარდაეცვალა. მამის სიკვდილით გამოწვეულმა ტკივილმა სათანადო პოეტური ასახვა ჰპოვა მისადმი მიძღვნილ ლექსში. მძიმე მატერიალური პირობების მიუხედავად, რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდგომ, 1921 წელს პოეტი თბილისის უნივერსიტეტში შედის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწავლის პარალელურად იგი მუშაობდა წითელი არმიის ქართული ნაწილების პოლიტგანყოფილებაში, გაზეთის რედაქციასა და კლუბში.
1922 წელს, თანამოაზრეებთან ერთად, ს. ჩიქოვანმა ჩამოაყალიბა ფუტურისტული ლიტერატურული ჯგუფი და გამოსცა ქართული ფუტურიზმის პირველი საპროგრამო მანიფესტი – "საქართველო – ფენიქსი”. 1924-28 წლებში მისი აქტიური თანამონაწილეობითა და ხელმძღვანელობით გამოვიდა ქართული ავანგარდისტი მწერლების პერიოდული ორგანოები: "H2SO4″, "ლიტერატურა და სხვა”, "დროული”, და "მემარცხენეობა”. ჩიქოვანი მუშაობას იწყებს ახალდაარსებული ჟურნალის-”მნათობის” რედაქციაში. 1928 წლიდან, ფუტურისტების ლიტერატურული ჯგუფის დაშლის დროიდან, ს. ჩიქოვანი ენერგიულად ებმება საქართველოს მწერალთა კავშირის საქმიანობაში და გარდაცვალებამდე მისი ხელმძღვანელი ორგანოების უცვლელი წევრი ხდება.
1932 წლიდან იგი ინიშნება გამომცემლობა "საბჭოთა მწერალის”მთავარ რედაქტორად. 1944-51წ.წ. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე. 1954-60 წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "მნათობს”. ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის ს. ჩიქოვანი დაჯილდოებული იყო ორდენებითა და პრემიებით. მათგან, პირველ ყოვლისა, უნდა გამოიყოს სახელმწიფო პრემია, რომელიც 1947 წელს მიენიჭა პოემისათვის "სიმღერა დავით გურამიშვილზე” და ლექსებისათვის; "ვინა სთქვა”, "ქართლის საღამოები”, "გამარჯვების ზეიმი” და "გორი”. ს. ჩიქოვანი იყო ახალგაზრდა მწერალთა გზის გამკვალავი და აქტური თანამდგომი. მისი ხელშეწყობითა და უშუალო მზრუნველობით არაერთი ნიჭიერი შემოქმედი გამოვიდა დიდ ლიტერატურულ ასპარეზზე.

ავბედით 1937 წელს დააპატიმრეს მარიკას მამა ნიკო ელიავა, ძმა ზურაბი და რძალი თინა. მათი ვაჟიშვილი ნიკა აღსაზრდელად მარიკამ და სიმონმა აიყვანეს. მათ ოფიციალურად გააფორმეს შვილად აყვანა, რათა ხუთი წლის ბავშვისათვის ჩამოეცილებინათ "ხალხის მტრის” შვილის დამღა. 1962 წლის აგვისტოში მარიკას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. მან გაიკეთა ოპერაცია და გაიარა მკურნალობის სათანადო კურსი, მაგრამ მეტასტაზი უკვე ხერხემალში იყო გასული. მარიკას კრიზისული მდგომარეობის დროს, დიაბეტით დაავადებული სიმონის მხედველობა კატასტროფულად გაუარესდა – პრაქტიკულად იგი დაბრმავდა. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, მისი შემოქმედებითი შთაგონება კი არ დაიშრიტა, არამედ, პირიქით, პოეტური სიმწიფის ახალ სტადიაში შევიდა. ამისი დადასტურებაა ის შესანიშნავი ნაწარმოებები, რომელიც ამ პერიოდში შექმნა პოეტმა. მარიკა უსიტყვოდ ითმენდა აუტანელ ტკივილებს, არც კი კვნესოდა. რათა სიმონს თავისი მეტად გამახვილებული სმენითა და ინტუიციით არ გაეგო და არ ეგრძნო მისი ტანჯვა-წამება. ექიმებმა შეძლეს მარიკას ჯანმრთელობის დროებითი გაუმჯობესება და 1964 წლის მარტში იგი ფეხზე წამოდგა. მარიკა ყოველთვის შესისხორცებული იყო სიმონის შემოქმედებით ცხოვრებასთან, ხოლო პოეტის ავადმყოფობისას სულ უფრო განუყრელი გახდა.
სიმონ ჩიქოვანი გარდაიცვალა 1966 წელის 22 აპრილს. იგი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში. სიმონ ჩიქოვანის შემოქმედებაში ძირითადი და მთავარია სამშობლოს თემა. პოეტმა თითქმის მთელი საქართველო შემოიარა. იყო ხევსურეთში, სვანეთში, რამაც შთააგონა პოეტს ლექსების ციკლი: "შემოდგომა ხახმატში”, "უშგული”, "სვანური იავნანა”. ამ კუთხეებში მოგზაურობა დაემთხვა პოეტის გარდატეხის პერიოდს, რომელსაც სიმონმა "ფერისცვალება” უწოდა. გარდატეხის პერიოდთან დაკავშირებით ს. ჩიქოვანს უბნის წიგნაკში ჩაუწერია: "ჩემი ნამდვილი არსებობა დაიწყო მას შემდეგ, რაც დაიწერა ლექსები: "წვიმაში”, "უშგული”, "მიძღვნა ვარძიის ოსტატისადმი”, "თეიმურაზ პირველი”, "განშორება”, "შენი ჩრდილის საძებნელად”. "ფერისცვალების” შემდეგ, სიმონ ჩიქოვანი ჩამოყალიბდა როგორც ბუნების მესაიდუმლე, ცხოვრებისეული სინამდვილის ღრმად შემგრძნობი შემოქმედი. პოეტი წარსულს გადმოგვცემს თანამედროვე ადამიანის განცდით. ალბათ ამიტომ იყო, რომ გიორგი ლეონიძემ სიმონ ჩიქოვანს უწოდა "ახალი პოეზიის ჩუქურთმის მჭრელი”, ხოლო კონსტანტინე გამსახურდიამ შენიშნა – სიმონ ჩიქოვანი გამოირჩევა ლექსური ინსტრუმენტის ვირტუოზული ორკესტრირებითო. სიმონ ჩიქოვანი უსაზღვროდაა შეყვარებული ქართულ ლექსზე. იგი თაყვანს სცემს ქართულ სიტყვას. ქართული სიტყვა თავთავია, ხილია, ნაყოფია, იგი მტევანია. ქართული სიტყვა უკვდავია. იგი სულის სასწორზე ავწონეო – ამბობს პოეტი.
პოეტის შემოქმედების დაგვირგვინებაა პოემა "სიმღერა დავით გურამიშვილზე”, რომელშიაც გულის დიდი სითბოთი და ღრმა განცდით დახატა დიდებული წინაპრის სახე. სიმონ ჩიქოვანი დაძაბულ ლიტერატურულ მუშაობას ეწეოდა მაშინაც კი, როცა უკურნებელი სენით დაავადებულმა მხედველობა დაკარგა. ავადმყოფობის დროს დაიწერა პოეტის შემოქმედების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში "განჯის დღიური”, რომელიც დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნა.
დუტუ მეგრელი
დუტუ მეგრელი არის დიმიტრი თომას ძე ხოშტარიას ლიტერატურული ფსევდონიმი. იგი დაიბადა 1867 წლის 26 ოქტომბერს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის გიმნაზიაში. 1893 წელს დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. რის შემდეგაც დაბრუნდა სამშობლოში და 1917 წლიდან მუშაობა დაიწყო მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში.იგი იყო ქართული ლიტერატურის კლასიკოსთა ჰუმანისტურ-რეალისტური ტრადიციების მიმდევარი. დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1886 წელს. 1891 წელს ქუთაისის კრებულმა „ცდამ" დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა „შვილი და დედა" (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები დაპიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან", ხოლო 1893 წელს — მისი ლექსების კრებული „ცრემლები", რომელიც სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო. მისი ლირიკა ძირითადად პატრიოტული ხასიათისაა. ლექსებისა და მოთხრობების გარდა შექმნილი აქვს პოემები, იგავ-არაკები, არის მრავალი პუბლიცისტური წერილის ავტორი. აგრეთვე შესრულებული აქვს ევროპელ და რუს კლასიკოსთა ნაწარმოებების თარგმანები.
მის მიერ 1902 წელს დაწერილი ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ" და მოთხრობა "ქინაქინა" შესულია იაკობ გოგებაშვილის "დედაენაში" და "ბუნების კარში"
დუტუ მეგრელი გარდაიცვალა 1938 წლის 13 მარტს, თბილისში. დაასაფლავეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს მისი ნეშტი გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
მე პატარა ქართველი ვარ, კავკასიის მთების შვილი და განცხრომით სხვაგან ყოფნას მირჩევნია აქ სიკვდილი! ქართლ-კახეთი, იმერეთი, გურია და სამგრელო ყველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო. |
ქვეყნის თვალი, ეს ქვეყანა ღვთის-მშობლისა არის წილი; ბევრ მწარე დღეს მოსწრებია და უნახავს ბევრიც ტკბილი: ხან თუ მტერი აოხრებდა, იყო მღვრელი ცრემლის ცხარის; ბრწყინვალე დროც დასდგომია, დრო დავითის და თამარის! |
..მე პატარა ქართველი ვარ, სახელოვან ერის შვილი და მსურს მერგოს სასახელო მეც სიცოცხლე და სიკვდილი!.. |
აკაკი ხოშტარია

აკაკი ხოშტარიამ დაამთავრა პეტერბურგის სასოფლო–სამეურნეო აკადემია. მისი სამოქმედო ასპარეზი უმთავრესად სპარსეთი იყო. პირველ მსოფლიო ომამდე მან ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია და სავაჭრო ოპერაციებს წარმართავდა სამხრეთ კავკასიასა და ირანში. მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა ფირმა „რუპენტო"–ს, ყველაზე დიდსა და ფინანსურად ძლიერ ორგანიზაციას, რაც კი ოდესმე შეექმნათ ქართველებს. აღსანიშნავია, რომ ფირმა „რუპენტო" და თურქულ–სპარსული „ხოშტარიას ბანკი" მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდნენ ფინანსურ კომბინაციებს.
თბილისში აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, საპნის ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა და სხვ.
1918 წელს ხოშტარიამ თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა ცნობილი მრეწველისა და საზოგადო მოღვაწის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც ემიგრაციაში წასვლის წინ სხვა უძრავ–მოძრავ ქონებასთან ერთად ქართველ ხალხს საჩუქრად დაუტოვა. სწორედ ამ სახლში განთავსდა შემდგომში მწერალთა სასახლე.
აკაკი ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, თბილისში ახლადშექმნილ ,,საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას" ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა; 1920 წელს მანვე შეიძინა საზღვარგარეთ 4 სამხედრო გემი და საქართველოს გადასცა საჩუქრად; მისი ხარჯით საზღვარგარეთ განათლება მიიღო უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი გახდა. ხოშტარიამ საკუთარი სახსრებით დააფინანსა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთელი რიგი ღონისძიებები.
აკაკი ხოშტარია გარდაიცვალა 1932 წელს. დაკრძალულია პარიზის პერ–ლაშეზის სასაფლაოზე. მისი მეუღლე, მინადორა ხოშტარია (1881—1924) დაკრძალულია თეირანის დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე. მისი აკლდამა, რომელიც აკაკი ხოშტარიამ ააგებინა, ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ტერიტორიაზე.
დიდოსტატი

მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის "დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ. კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია "ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. "ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: "ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა "ლანდებთან ლაციცი”). კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
"მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: "შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის" მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი", თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი "ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი "სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.
1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც "ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე "იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!”
შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო "ჩეკამ” დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: "სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით”.
1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ: "რაკი გულწრფელად გნებავთ ჩვენი გულისტკივილის გაგება, უნდა მოგახსენოთ, რომ მე მაინცდამაინც დიდ პატივს არ ვცემ იმ მთავრობას, რომელმაც ოსების ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლები თითქმის მცხეთის სანახებამდის ჩამოიტანა. მთლიანად ქართული რაიონი გალისა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას გადაულოცა და მეგრელ ბავშვებს მარტოოდენ აფხაზურსა და რუსულს ასწავლიან”. ამის გამო, მამია ორახელაშვილის და ლევან ღოღობერიძის მითითებით, მწერალი დააპატიმრეს "შპიონის”, "მოღალატის” ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს (მწერლის პირადი საქმე საქართველოს მწერალთა კავშირის არქივში).
ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა "ბუტირსკის” ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა.
კინორეჟისორ გუგული მგელაძის (პავლე ინგოროყვას სიძე) მოგონების მიხედვით, კონსტანტინე გამსახურდიას გათავისუფლების თაობაზე პავლე ინგოროყვა მოსკოვში რამოდენიმეჯერ ჩასულა. "პავლეს მოუხერხებია და პატარა ბარათი შეუგზავნია ტუსაღისათვის: ამა და ამ დროს შავი ჩოხით ჩავივლი ისე, რომ შენი საკნის ფანრიდან ვჩანდეო! ზუსტად ბარათში ნახსენებ დროს ჩაუვლია ციხის წინ შავ ჩოხაში გამოწყობილ პავლე ინგოროყვას…” პავლემ თურმე ისე მოაბეზრა თავი მაშინდელ ჩეკას უფროსს, რომ ამ უკანასკნელს, მოთმინებიდან გამოსულს უყვირია: "ან დაიჭირეთ ეს ინგოროყვა, ან გამსახურდია გაათავისუფლეთო”. კონსტანტინე გამსახურდია 1927 წელს საქართველოს ცაკ-ის შუამდგომლობით გაათავისუფლეს – ჯაშუშობის დამადასტურებელი მასალა არ არისო.
ლიტერატურაში გაჩაღებული იყო ბრძოლა პროლეტარულ მწერლებსა და სხვადასხვა სამწერლო ჯგუფების ეროვნულად განწყობილ მწერლებს შორის. მწერალი "ლანდებთან ლაციცში” იგონებს: "რექტორმა ივანე ჯავახიშვილმა მე გადმომცა მწერალთა კავშირისათვის: ილიას, აკაკის, გრიგოლ ორბელიანისა და ვაჟას დიდი სურათები, მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმულნი. ესენი დავაკიდინე სალექციო დარბაზში. ბენიტო ბუაჩიძემ და პ. ქიქოძემ უბრძანეს სასახლის კომენდანტს: ეს სურათები გარეთ გაეტანათ, ხოლო მათ ნაცვლად დოსტოევსკისა და გორკის პორტრეტები გამოეფინათ. მე საჯაროდ განვაცხადე: ვინც გაბედავს ჩვენი კლასიკოსების სურათების ჩამოხსნას, ჩემს სვანურ სატევართან ექნება-მეთქი საქმე. მლიქვნელები შეკრთნენ და ის პორტრეტები დღესაც ამშვენებს ჩვენს ლექტორიუმს”.
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია "შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო” კონსტანტინეს კი უპასუხია: "ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე”. ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა…
1931 წელს მწერალთა ფედერაციამ კონსტანტინე გამსახურდია თავისი ორგანიზაციის რიგებიდან ერთხმად გარიცხა. მწერალთა ფედერაციის 1931 წლის 17 მაისის ოქმიდან ვკითხულობთ: "კონსტანტინე გამსახურდია ცნობილია, როგორც რეაქციონერი და ანტისაბჭოთა მწერალი, რომელიც ამ ათი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ იბრძვის მხატვრული პროდუქციით და ზეპირი გამოსვლებით ფეოდალიზმის თავადაზნაურული იდეოლოგიის შოვინიზმის და "შავი ჩოხის” ტრადიციის დასაცავად, თავისი გამოსვლებით მან არაერთხელ საბჭოთა საზოგადოებრიობის ზიზღი და სიძულვილი დაიმსახურა. ხსენებული რეაქციონერი მწერალი თანადროულობისათვის პოლიტიკურად მავნე მხატვრულ ნაშრომებს აქვეყნებს და თავის პოლიტიკური მავნებლობით ამაყობს მწერლობაში და საბჭოთა საზოგადოების წინაშე”.
კონსტანტინე გამსახურდია ხმას იმაღლებდა ქართველი ერის დაქუცმაცების, სეპარატიზმის წინააღმდეგ. 1932 წელს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის გამგეობის პლენუმზე მწერალმა განაცხადა: "აქ გამობრძანდნენ ჩვენი აფხაზი ამხანაგები. უნდა მოგახსენოთ, რომ დიდედიდან აფხაზის სისხლი მაქვს. მიყვარს აფხაზები და გმირებიც მყავდა ისინი, მაგრამ აქ გამოვიდა ორი ახალგაზრდა კაცი, პირველი გრიგოლია, ჩემი მეზობელი, მეორე – ჭკადუა, ესეც მეგრელი და რუსულად გველაპარაკა აფხაზეთის სახელით. რაშია საქმე, აფხაზები არიან მაგენი, თუ ვინ არიან?”. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის კულტურისა და პროპაგანდის გამგემ კარლო ორაგველიძემ უყურადღებოდ არ დატოვა მწერლის გამოსვლა: ნაციონალისტობაა, როცა კ. გამსახურდიამ პლენუმზე თქვა: აფხაზეთის მეგრელმა რუსულად რატომ უნდა ილაპარაკოსო. ასევე ნაციონალისტობაა, როცა ამბობს – ბაღდათს მაიაკოვსკი რატომ უნდა ერქვას, როდესაც ქართველი მწერლის სახელი არც ერთ ქალაქს არ ჰქვიაო.
პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით.
ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: "ფოტოგრაფი” და "ნაპოლეონი”. შემდეგ დედის გარდაცვალებამ "დამსხვერული ჩონგური” დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა "ზარები გრიგალში”. "ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა”, – აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში.
1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი "პრომეთე”, გაზეთი "საქართველოს სამრეკლო”, ჟურნალი "ილიონი”, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. "რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ "პრომეთეში” სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან”, – წერდა გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა. 34 წლისამ დაწერა "დიონისოს ღიმილი”, ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია "მთვარის მოტაცება” 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველო – ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ "მნათობში” დაიბეჭდა რომან "ბელადის” პირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.
სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ "დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში” გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა. ასე მიაჩნდა: "პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის”. თარგმნასაც მოჰკიდა ხელი – გოეთეს "ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, დანტეს "ღვთაებრივი კომედია” (I ნაწილი – "ჯოჯოხეთი” კ. ჭიჭინაძესთან
ერთად), რემარკის "დასავლეთის ფრონტი უცვლელია” და სხვა. "კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა”. მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანი "დავით აღმაშენებელი”, რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია.
XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას "ბელადს”, "ვაზის ყვავილობას”, ნარკვევებს, რომ დაწერილიყო "დიონისოს ღიმილი”, "მთვარის მოტაცება”, "დიდოსტატის მარჯვენა”, "დავით აღმაშენებელი”.
როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ "დიდოსტატის მარჯვენაა”. მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.
კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.
ჩემი აბაშა

ისტორია: უძველესი დასავლეთ ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება – კოლხეთი ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცივილიზებული ქვეყანა იყო. ”კოლხეთი, იბერიასთან ერთად შეადგენდა იმ ნიადაგს, რომელზედაც შენდებოდა ქართული ფეოდალური სახელმწიფოებრიობა” – წერდა აკადემიკოსი სიმონ ჯანაშია. კოლხეთის ცენტრალური ნაწილი მდებარეობს რიონისპირეთში, მის ორივე მხარეზე გაშლილ ჭალებსა და განსაკუთრებით მის მარჯვენა სანაპიროზე. რიონისპირეთი ხასიათდება ნაყოფიერი ნიადაგით, სადაც საუკუნეების მანძილზე კოლხები და ლაზები ეწეოდნე მიწათმოქმედებას; განვითარებული იყო მეტალურგია, ხელოსნობა, ვაჭრობა, დუღდა საქალაქო ცხოვრება. აქ გადიოდა ”ჯვეში შარები” (ძველი სახმელეთო გზები): ფოთი – ქუთაისისა და ციხისძირ-ჭყონდიდისაკენ. ეს გზაჯვარედინი ერთმანეთს კვეთდა შუა ქალაქში (ამჟამინდელი აბაშის მუნიციპალიტეტის ნაესაკოვოს თემის ტერიტორია). ამ გზის გასწყვრივ მდინარე ფაზისზე მდებარეობდა ძველი სამდინარო გზა, ე.წ. ინდოეთის სავაჭრო გზა. სწორედ რიონისპირა კოლხეთის დაბლობზე მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტი.

”ქართლის ცხოვრება” მოგვითხრობს: ანაკოფიასთან ძლეული მურვან-ყრუ დაბანაკდა ციხე გოჯთან. კოკისპირული წვიმა მოსულა ისეთი, რომ ორი მდინარე – დღევანდელი აბაშა და ცხენისწყალი გაუერთიანებია – ”წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა”. ერთმა მდინარემ დაახრჩო 23 000 ქვეითი მურვანის ლაშქარში მყოფი ეთიოპიური წარმოშობის ”აბაშ”-თა ტომისა, მეორე მდინარემ კი წაიღო 35 000 ცხენი და ”ამიერთაგან სახელი ედვა მათ მდინარეთა, ერთსა ”აბაშა”, ერთსა ”ცხენისწყალი””. ეს ყველაფერი მომხდარა ამჟამინდელი ძვ. აბაშის თემის ტერიტორიაზე.
რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ქუთაისის გუბერნიის სენაკის მაზრაში შედიოდა, 1917-1930 წლებში — სენაკის მაზრაში, 1930 წლიდან ცალკე მუნიციპალიტეტია, 1963-1966 წლებში შედიოდა ყოფილი გეგეჭკორის (ამჟამად მარტვილის) მუნიციპალიტეტში.
კოორდინატები: 42°12′00″ ჩ. გ.42°13′00″ ა. გ.
დროის სარტელი: UTC +3
საზღვრები: ჩრდილოეთით ესაზღვრება მარტვილის, აღმოსავლეთით — სამტრედიის, სამხრეთით — სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით — სენაკის მუნიციპალიტეტი.
მანძილი თბილისამდე – 280 კმ
მანძილი ზუგდიდამდე – 55 კმ
უახლოესი პორტი ქალაქი ფოთი – 51 კმ
უახლოესი რკინიგზის სადგური – ქ. აბაშა
უახლოესი აეროპორტი-ქუთაისი – 32 კმ
ფართობი: 320,8 კმ2.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 28 ათასიკაცი; სიმჭიდროვე — 89 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი აბაშა და 40 სოფელი: აბაშისპირი, ბულვანი, გამოღმა ზანათი , გამოღმა კოდორი, გაღმა ზანათი, გაღმა კოდორი, გაუწყინარი, გეზათი, გუგუნაყათი, გუგუნაყათი, გულეიკარი, გულუხეთი, ეწერი, თხმელარი, კეთილარი, მაიდანი, მარანი, მარანჭალა, მაცხოვრისკარი, მეორე ეწერი, მეორე ონტოფო, ნაესაკაო, ნორიო, პატარა გეზათი, პირველი ეწერი, პირველი მაისი, პირველი ონტოფო, საბოკუჩავო, საგვაზაო, სამიქაო, სეფიეთი, სუჯუნა, ტყვირი, ქვიშანჭალა, ქოლობანი, ცილორი, ძველი აბაშა, ძიგური, წალიკარი, წყემი.

სატელეფონო კოდი: +995 412 ( 29XXXX )
ტერიტორია: ზღვის დონიდან 20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით, თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები, მოიპოვება მაღალი ხარისხის საშენი ქვიშა, ხრეში და სააგურე თიხა.
ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია, საშუალო წლიური ტემპერატურაა 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა — 4,9 ცელსიუსი, ივლისის — 22,9 ცელსიუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები და ბრიზები.
ჰიდროგრაფიული ქსელით მუნიციპალიტეტი მდიდარია. აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა. წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა, ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში „სირიაჩქონის" ჭაობია.
ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია.
მცენარეული საფარი: მურყანი, ჭალისმუხა, თელა, წიფელი, ლეშამბო.

ძირითადი ლანდშაფტებია: ვაკე-დაბლობი, კოლხური მცენარეულობით, ალუვიური და სუბტროპიკული ეწერი ნიადაგებით. ჭალები მდელო-ტყის მცენარეულობით და ალუვიური ნიადაგებით.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას. მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. მუნიციპალიტეტში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი.
ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო — მუნიციპალიტეტის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია: 1 ქალაქისა და 15 თემის საკრებულო.